24 მაისი 2025,   17:05
ვრცლად
კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს - არგენტინაში, პაპის სამშობლოში, 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული

რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს კათოლიკური სამყარო. არგენტინაში, პაპის სამშობლოში, სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული, სახელმწიფო დროშები დაუშვეს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, ტრამპის გადაწყვეტილებით, დროშა დაშვებულია თეთრ სახლზეც.

პაპი ფრანცისკეს პატივის მისაგებად, ევროკავშირის დროშებია დაშვებული ბრიუსელში, ევროკომისიის შენობაზე, საფრანგეთში კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარი, სამძიმრის ნიშნად, 88 ჯერ დაირეკა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დაადასტურა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

"მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნას!" – დაწერა ტრამპმა თრუს სოუშალის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.

პონტიფიკოსის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი.

"ჩემი და ჩემი ერის სახელით, სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ვატიკანის სახელმწიფოსა და კათოლიკურ სამყაროს", – წერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

"პაპი ფრანცისკეს ტრაგიკულ გარდაცვალებას მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი გლოვობს. მან ცხოვრება ღმერთს, ხალხსა და ეკლესიას დაუთმო. იცოდა, როგორ მიეცა იმედი, შეემსუბუქებინა ტანჯვა და ხელი შეეწყო ერთობისთვის. ლოცულობდა უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა "იქსის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.

წერილი გამოაქვეყნა ბრიტანეთის მეფემ. მეფე ჩარლს III-ე წერს, რომ "პაპი ფრანცისკე ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვით, შეეხო უამრავი ადამიანის ცხოვრებას. შეძლო, გაეზიარებინა სააღდგომო მილოცვა ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რასაც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდა", - დაწერა ბრიტანეთის მონარქმა.

დღის ამბები