
საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული დაფინანსება, რომლის შესახებაც გრანტების კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი, ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ გრანტის საჯაროდ გამოცხადებული მიზნები შორს არის რეალობისგან და კითხვებს აჩენს მისი გაცემის დროც.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გრანტის წარმომავლობის შესახებ არ იციან, თუმცა როგორც ამბობენ, თუკი ეს არის ფრანგი გადასახადის გადამხდელების მიერ შეგროვებული თანხა, საფრანგეთის ელჩმა უკეთ იცის, რაში უნდა გამოიყენოს:
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, მე პირადად არანაირი კითხვის ნიშნები არ მაქვს. საფრანგეთის საელჩოს დისკრეციული უფლებამოსილება იყო, ვისზე გასცეს გრანტი და ვისზე არა, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ის "ენჯეო", რომელზეც ვსაუბრობთ, მას გადასცეს, ძალიან კარგი საქმე გაუკეთებიათ ქვეყნისთვის. არ ვიცი ამ გრანტის წარმომავლობა როგორია, მაგრამ თუ ეს ერის ფრანგი გადასახადის გადამხდელების მიერ შეგროვებული თანხა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი, საფრანგეთის ელჩმა უკეთ იცის, რაში უნდა გამოიყენოს,"- აცხადებს ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია", სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. როგორც საფრანგეთის საელჩომ დაწერა, პროექტი შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს. სახელისუფლებო პარტიის განცხადებების მიუხედავად, დიპლომატიურ წარმომადგენლობას დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.