
ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისშია - მისი ვიზიტი კი პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"ქართული ოცნება" ოპონენტებისგან ინტერესდება როგორ არის თანხვედრაში ერთმანეთთან ქვეყნის იზოლაციაში ყოფნის ბრალდება და ეუთოს უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტი?
აქვე, სახელისუფლებო პარტიაში მიუთითებენ ეუთოს საარჩევნო დასკვნებსა და ამ შეფასებების გამო ოპოზიციის უკმაყოფილებაზე.
ოპოზიციური პარტიების შეფასებით ვიზიტი არ არის კავშირში ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ ეს შეხვედრა არ შემდგარიყო, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში "ჰამასსა" და "ჰეზბოლასაც" კი შეხვედრია.
"უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში, "ჰეზბოლას" და "ჰამასს" ესაუბრება. არ მგონია, რომ "ქართულ ოცნებასთან" დითირამბების სათქმელად იყოს ჩამოსული. ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც წესი, ჩამოდიან მოლაპარაკებებზე, რომ კიდევ ცადონ ხელისუფლების მობრუნება იმ კრიტიკულ წერტილამდე, რასაც მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ჰქვია. გაფრთხილების მიმღები შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხი ხალხის გადასაწყვეტია და ეს გადაწყვეტილება ერთი ხელის ჩამორთმევით თუ შეხვედრით ვერ შეიცვლება.
"ხელისუფლების ლეგიტიმაცია - არა ლეგიტიმაცია, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი. კონსტიტუციურ დემოკრატიაში ხალხი წყვეტს ლეგიტიმურია თუ არა ხელისუფლება. ის თუ ვინმე არ აღიარებს, ეს არის გამოძახილი იმ არალეგიტიმურობისა, რომელსაც ხელისუფლება ადგილზე იღებს. ამ არაღიარებას, რომელიც გამომდინარეობს არჩევნების გაყალბებიდან, ვერაფერს ვერ შეუცვლის ერთი რომელიმე ფიგურის ვიზიტი, ერთი ხელის ჩამორთმევა, ან ერთი შეხვედრა", - განაცხადა თაზო დათუნაშვილი.