
გიორგი ვაშაძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება წარუდგინეს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პროკურატურა ცოტახნის წინ დატოვა. ამის შემდეგ უკვე სასამართლო სხდომა დაინიშნება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი დანაშაულების ერთ-ერთი მონაწილეა და კომისიაზე არგამოცხადების კონკრეტულ სასჯელს კანონი ითვალისწინებს:
"ფაქტია, რომ საგამოძიებო კომისია განაჩენია "ნაციონალური მოძრაობის ელემენტებისთვის და მათი არგამოცხადება ამ საგამოძიებო კომისიაზე, არის ბრალის აღიარება. გიორგი ვაშაძე, რომელიც კარგა ხანი ამომრჩეველს თავს აჩვენებდა, რომ თითქოს რაღაც განცალკევებული ელემენტი იყო, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" შემქმნელია და ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულების. სწორედ მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით იყო კითხვები საგამოძიებო კომისიაზე და მას წესით ამ კითხვებისთვის მარტივად უნდა ეპასუხა, თუ თავს დამნაშავედ არ გრძნობდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მან ყველაზე უკეთ იცის თუ რა დააშავა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, არ გამოცხადდა ამ კომისიაზე და შესაბამისად, კანონი ითვალისწინებს კომისიაზე არგამოცხადების კონკრეტულ სასჯელს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
აქამდე არსებული პრაქტიკით, ყველა შემთხვევაში პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება მოითხოვა. გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.