21 მაისი 2025,   19:26
ვრცლად
კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს - 26 აპრილს, პაპის დაკრძალვაზე ვატიკანში მსოფლიო ლიდერები მოიყრიან თავს

მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ დარღვეულა, სიკვდილის დადასტურების შემდეგ, პაპის საძინებელში პირველი კამერლენგო შევიდა. რომის პაპის ცხედარს მიუახლოვდა და გარდაცვლილს ნათლობის სახელით სამჯერ ხმამაღლა მიმართა.

კევინ ფარელი დარწმუნდა, რომ პაპი ცოცხალი აღარაა, რის შემდეგაც გარდაცვალების მოწმობა შეადგინა და ვატიკანში კარდინალები დაიბარა. ყველა წესის დაცვით დაილუქა პონტიფიკოსის პალატა და ოფისი. დაირეკა წმინდა პეტრეს ბაზილიკის სამგლოვიარო ზარი.

ზარების ფონზე შემოსეს გარდაცვლილი რომის პაპი. ტრადიციისამებრ პაპს თავზე თეთრი მიტრა ახურავს, აუცილებელი ატრიბუტებია კაზულა და პალიუმი.

განადგურებულია პაპის ბეჭედიც. რაც ნიშნავს, რომ კათოლიკე ეკლესიის და ვატიკანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი პაპის არჩევამდე ვერავინ მიიღებს.

ფრანცისკეს ანდერძის შესაბამისად, ის სამი ჩასასვენებლის მაგივრად ერთში, მოკრძალებულ ხის კუბოში ჩაასვენეს. ფრანცისკემდე პაპებს კვიპაროსის, ტყვიისა და კაკლისგან დამზადებულ სამ სასახლეში ასვენებდნენ.

კარდინალების პირველი სხდომა ვატიკანში დღეს შედგა, იერარქებმა განსაზღვრეს პაპის დაკრძალვის თარიღი, ცერემონია შაბათს 26 აპრილს ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება. ხვალიდან კი მის ცხედარს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ. 2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ანდერძში დაკრძალვის კონკრეტული მითითებებია გაცემული.

რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს კათოლიკური სამყარო. არგენტინაში, პაპის სამშობლოში 6 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. სახელმწიფო დროშებია დაშვებული ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, თეთრ სახლზეც. წუთიერი დუმილით გაიხსნა ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. დროშები დაეშვა ბრიუსელში ევროკომისიის შენობაზეც.

საფრანგეთში კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარი სიმბოლურად 88-ჯერ დაირეკა.

ვიდრე კათოლიკური სამყარო პონტიფიკოსს გლოვობს, ვატიკანში ახალი პაპის არჩევის უძველესი საიდუმლო რიტუალი დაიწყო. მთელი მსოფლიოდან, 80 წლამდე 135 კარდინალი სიქსტის კაპელაში 15-დან 20 დღემდე შუალედში გამოცხადდება. ეკლესიის კომპეტენტური უწყებები მათ წმინდა საყდრის წინ მდგარი გამოწვევების შესახებ ანგარიშს გააცნობენ, რაც ახალი პაპის არჩევის პროცესში სახელმძღვანელო უნდა გახდეს.

პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულია, ფიცის შესაბამისად იერარქებს ეკრძალებათ გარე სამყაროსთან ნებისმიერი კომუნიკაცია. მსოფლიო კენჭისყრის შედეგებს სიქსტის ბაზილიკის საკვამურიდან იხილავს. შავი კვამლი ნიშანია, რომ კენჭისყრას გამარჯვებული არ ჰყავს თეთრი კი - "აბემუს პაპამ", რაც ლათინურად ნიშნავს, რომ პაპი არჩეულია.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები