21 მაისი 2025,   19:54
ვრცლად
ეუთოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თბილისში მისი ჩამოსვლა ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაა - რა გზავნილებით ჩამოვიდა ფერიდუნ სინირლიოღლუ ქვეყანაში

ეუთოს გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - ფერიდუნ სინირლიოღლუმ აღნიშნა, რომ თბილისში მისი ჩამოსვლა ეუთოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ინტერესებშია საქართველოში სტაბილური გარემო, რადგან ეს არა მარტო ერთი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეუთოს მაღალჩინოსანმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს გარე და შიდა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გაძლიერება, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია, ეს საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. მაკა ბოჭორიშვილი გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო პატივს სცემს ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და მიუღებელია კონკრეტული ძალების მხრიდან, ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობები. მაკა ბოჭორიშვილმა ამ კონტექსტში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევები ახსენა და განმარტა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ პრინციპებთან, რასაც საერთაშორისო წესრიგი ეფუძნება.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სტუმარს ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ეუთოს გენერალური მდივანი ხვალ შეხვედრებს, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან გამართავს.

დღის ამბები