
შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი გრძელდება. ლევან დავითაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
საუბარი შეეხო კორპორაციის პრიორიტეტებს საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, დაკავშირებადობა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარება. ასევე იმსჯელეს ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს გაზრდის.
"ჩვენ მომავალში ძალიან საინტერესო გეგმები, რაც განვიხილეთ ხელმძღვანელობასთან. ერთი მიმართულება უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც გავრცელდება საქართველოში არსებული ბანკების მიერ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით. მეორე მიმართულება არის უკვე პრიორიტეტული პროექტები და სექტორები, უფრო მსხვილი პროექტები, რომელიც პირდაპირ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან დაფინანსდება", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.