
საფრანგეთის საელჩოს ამ დრომდე არ გაუცია პასუხი "კურიერისთვის" მთავრობის თანხმობის გარეშე გაცემულ ბოლო უცხოური გრანტის დეტალებთან დაკავშირებით. დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაა", რომელმაც გორსა და ქუთაისში ახალი ტურისტული მარშრუტები უნდა შექმნას.
მმართველი გუნდი საელჩოს რევოლუციური პროცესის წახალისებაში ადანაშაულებს და განმარტებებს ითხოვს. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი ჩარევა შიდა საქმეებში.
"ჩვენ გვყავს მავნებელი ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები, რომელთაც იხელთეს მომენტი და დააფინანსეს უსამშობლოების გაერთიანება. სხვათა შორის, ბატონი ხვადაგიანი, რომელიც დაფინანსებულია, ჩვენ გაგვახსენდა, რომ ის მონაწილეობდა პარლამენტის შტურმში. პარლამენტის შტურმში მონაწილე ადამიანს, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს საფრანგეთის ელჩი. მავნებლობაა ეს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საფრანგეთის ელჩი, ასევე გერმანიისა და სხვა ელჩებიც, ეს არის პირდაპირი ჩარევა შიდა საქმეებში," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას," "კანვას საქართველოს" დამფუძნებლებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები - გიორგი კანდელაკი და ირაკლი ხვადაგიანი წარმოადგენენ.