14 მაისი 2025,   08:49
ვრცლად
ტატა ხვედელიანი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე: არასერიოზულია, ეს ვიზიტი რაიმე სახით მივაბათ ლეგიტიმაციის საკითხს

ოპოზიციამ ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლ-ოღლუს საქართველოში ვიზიტი შეაფასა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილის თქმით, ეს ვიზიტი ლეგიტიმაციის კუთხით არაფერს ცვლის.

"ეს არის მისი პირველი ვიზიტი წევრ ქვეყნებში, რომელიც არის აბსოლუტურად ტექნიკური მოვლენა. ყველაზე მთავარი დასკვნა ეუთომ გააკეთა არჩევნების შეფასებაში, რომ ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერში, არ ჩატარებულა თანაბარ გარემოში. ამიტომ, არა - არავითარ ლეგიტიმაციას არ აძლევს. უნდა ჩამოსულიყო? ჩემი აზრით, არა, არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიდა. ასეთი რაღაცები მოხდება - გაეროს გენერალურ სამდივნოდან შეიძლება ვიღაცები ჩამოვიდნენ, ოღონდ არაფერს არ ცვლის ეს ლეგიტიმაციის თვალსაზრისით", - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

ასე ფიქრობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანიც და აცხადებს, რომ ამ ვიზიტთან ლეგიტიმაციის თემის მიბმა არასერიოზულია.

"ნებისმიერი ვიზიტი, ეს არის რიგითი ვიზიტი, რომელიც ემსახურება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტსაც ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი აქვს - ის, რომ უსაფრთხოების ნაწილზე გაკეთდა მინიშნებები, ჩვენმა სტუმარმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ვიზიტი მივაბათ რაიმე სახით ლეგიტიმაციის საკითხს, ეს ჩემი აზრით, არ იქნება სერიოზული ჩვენი მხრიდან", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

დღის ამბები