
მმართველი გუნდი ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს. საუბარია ბიუჯეტის პირველი კვარტლის მონაცემებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისია და მთავრობა გადასახადებს ვეღარ კრეფს. რეალურად კი, შემოსავლებისა და გადასახადების კომპონენტში სახელმწიფო/ნაერთი ბიუჯეტი საპროგნოზო მაჩვენებლის 102 პროცენტით შესრულდა.
ოპოზიციის რიტორიკას სპეკულაციური უწოდეს ფინანსთა სამინისტროშიც. უწყებამ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელშიც იანვარ-მარტის საბიუჯეტო პარამეტრებზე დეტალურადაა საუბარი. ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამურმა მაჩვენებელმა 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობას აჭარბებს.
განმარტებების მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებში, დღეს, კვლავ ამტკიცებდნენ, რომ ფინანსთა სამინისტროს გადასახადების აკრეფა უჭირს და ქვეყანას მწვავე საბიუჯეტო კრიზისი ელოდება.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციაა საზოგადოებაში პანიკის დათესვას მიზანმიმართულად ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით საქართველო მუდმივ ეკონომიკურ პროგრესს განიცდის, რაც მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობაზეც აისახება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების იანვარ-მარტის მონაცემები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. როგორც სახელმწიფო, ისე, ნაერთი ბიუჯეტის ფაქტობრივი მაჩვენებელი რეალურად ასპროცენტიან ნიშნულს გადასცდა.