
ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და შუა დერეფნის განვითარება - პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოსთვის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, შტატებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა ალფონსო გარსია მორასთან სამომავლო პროექტები განიხილა, სადაც მთავარ მიმართულებად კერძო სექტორის დაფინანსება განისაზღვრა.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც გაზრდის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს. საუბარია ახალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე. ითქვა, რომ კორპორაციის მხარდაჭერილი პროექტები თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის უფრო მეტად განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის - IFC-ის ხელმძღვანელობასთან განხილვის დროს პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის იყო ტრანსპორტი და ლოგისტიკაც. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ქართულ დელეგაციას დაუდასტურა, რომ საქართველოს მხარს დაუჭერს წარმოებების ხელშეწყობისა და მსხვილი ინდუსტრიული დარგების გაძლიერების მიმართულებითაც. შეხვედრას პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდნენ.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს უკვე შეხვდა. ქართულმა დელეგაციამ სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერის და დაფინანსების პირობა მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ესაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებსაც. დელეგაციას უახლოეს მომავალში თბილისი უმასპინძლებს. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ვიცე პრემიერის ხელმძღვანელობით მოლაპარაკება გაიმართება ისეთი ამერიკული საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებთან როგორიცაა- J.P. Morgan და Bank of America.