
კარდინალები, არქიეპისკოპოსები, სასულიერო პირები - შვეიცარიული გვარდიის თანხლებით სამგლოვიარო პროცესია სანტა მარტას სამლოცველოდან წმინდა პეტრეს მოედნის გავლით, კათოლიკური სამყაროს მთავარ კათედრალში მივიდა.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში, მორწმუნეები პაპ ფრანცისკესთან დამშვიდობებას შეძლებენ. წმინდა საყდრის გავრცელებული ცნობით წმინდა პეტრეს ბაზილიკის კარი ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე ღია იქნება.
პონტიფიკოსის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მორწმუნეები რომში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან. ვატიკანის ქუჩებში პოლიციამ უსაფრთხოების განსაკუთრებული პროტოკოლი აამოქმედა. ფრანცისკესთვის პატივის მისაგებად რიგში ათობით ათასი ადამიანი დგას.
ვინ გახდება მომდევნო რომის პაპი - ფრანცისკეს პოტენციურ მემკვიდრედ ოცამდე კარდინალი მიიჩნევა. "როიტერის" ცნობით, პირველი პრეტენდენტი პიეტრო პაროლინია, ის 2013 წლიდან ვატიკანის იერარქიაში მეორე პირია. შემდეგი 69 წლის მატეო ძუპია - ბოლონიის არქიეპისკოპოსი, რომელსაც "ნოვატორული და პრაგმატული მიდგომებით" ახასიათებენ. სიაშია პიერბატისტა პიცაბალლაც, იერუსალიმის ლათინური პატრიარქი. რომელიც რელიგიათაშორისი დიალოგის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა.
რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორე პაპ ფრანცისკეს მიმართ ღრმა პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს.
სამძიმრის წიგნი საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანომ დღეს გახსნა. პაპის სულის მოსახსენიებელი ლიტურგია პარასკევს 25 აპრილს, 18:00-ზე, კათოლიკურ საკათედრო ტაძარში აღევლინება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.