
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია ზარი რუსეთიდან, რომლის ავტორები რუსი ე.წ. პრანკერები არიან, ადრესატები კი ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი. ზურაბიშვილ-ნანუაშვილს ზარის ავტორები პეტრო პოროშენკოსა და გარი კასპაროვის სახელით გაეცნენ. შემდეგ კი საუბარი საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და ოპოზიციის დახმარების გზებს შეეხებოდა. მეხუთე პრეზიდენტმა საუბრისას დაადასტურა, რომ ახლა ოპოზიციას თანხები აკლია და რომ დაფინანსება USAID-ისგან და ევროპული ფონდებისგან მოდიოდა. აღნიშნა ისიც, რომ ევროპელები ნელა მოქმედებენ.
ზურაბიშვილის ამ განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს ოპოზიცია, თუმცა ოპონენტებისგან განსხვავებით შეფასების გაკეთება არ უჭირთ "ქართულ ოცნებაში". ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რა მიზნებისთვის იხარჯებოდა საქართველოში დასავლეთიდან შემოსული თანხები.
"ჩვენმა საზოგადოებამ მოისმინა კიდევ ერთი მხილება და მტკიცებულება იმისა, თუ რა მიზნით ხდებოდა უცხოური დაფინანსების გამოყენება კონკრეტული პირების და ჯგუფების მიერ და ის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ადამიანები, როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.