21 მაისი 2025,   08:26
ვრცლად
ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა

ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ირაკლი კობახიძის თქმის, თანამდებობას რევაზ სოხაძე დაიკავებს.

"მინდა საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. მინდა ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა, ხოლო რევაზ სოხაძე თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას ხელმძღვანელობდა. 

დღის ამბები