14 მაისი 2025,   09:37
ვრცლად
წმინდა პეტრეს ბაზილიკის შიდა და გარე პერიმეტრი ძალოვანი უწყების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა - კათოლიკური სამყარო რომის პაპს ემშვიდობება

მდინარე ტიბრის ორივე სანაპირო და ვია დელა კალჩელაციონე, უშიშროების სამსახური, პოლიცია და არმია - შეიარაღებული კარაბინერები ვატიკანში მისასვლელ ყველა გზას აკონტროლებენ. საქმეში ჩართულია ავიაცია, რომის საჰაერო სივრცე დახურულია და მას ავიაგამანადგურებლები აკონტროლებენ. ძალოვანი უწყების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა წმინდა პეტრეს ბაზილიკის შიდა და გარე პერიმეტრი, სპეციალური უწყებების თანამშრომლები მორწმუნეებს ამოწმებენ. ვატიკანში მსოფლიოს ყველა კუთხიდან უმაღლესი რანგის 170 დელეგაციას და 200 000 მორწმუნეს ელოდებიან.

ვიდრე 10 ათასობით მორწმუნე პაპთან გამოსამშვიდობებლად რიგში დგას, ვატიკანის სინოდის დარბაზში გენერალური კონგრეგაცია იმართება და კომპეტენტური უწყებები მნიშვნელოვან ანგარიშს ამზადებენ. სპეციალისტებმა კარდინალებს დოკუმენტი, უნდა წარუდგინონ, რომელშიც აღწერილია თუ რა გამოწვევების წინ დგას წმინდა საყდარი. მოხსენებაში ჩამოთვლილია თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომელიც სულ მალე კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი უნდა გახდეს.

კონკლავი 5-დან 10 მაისამდე შეიკრიბება. ღვთისმსახურების შემდეგ იერარქები სიქსტის კაპელაში გადაინაცვლებენ. ადგილზე სასულიერო პირები ფიცს დადებენ და ახალი პაპის არჩევამდე გარე სამყაროსთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტენ.

იმ შემთხვევაში, თუ კარდინალები 33 რაუნდის განმავლობაში 1 კანდიდატზე ვერ შეჯერდებიან, კენჭს იმ ორ კანდიდატს უყრიან ვინც ბოლო ტურში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

იტალიური მედია წერს, რომ კარდინალები ორ ბანაკად იყოფიან კონსერვატორები და პროგრესის მომხრეები. მათგან 80% პაპი ფრანცისკეს დანიშნულია, რაც პროგრესულ ფრთას არჩევნებში უპირატესობას ანიჭებს.

დღის ამბები