
ომის 1156-ე დღეს მოსკოვმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, მაშველებმა 12 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები იპოვეს.
უკრაინის დედაქალაქზე საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად 77 მშვიდობიანი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. დაჭრილებს შორის 6 ბავშვია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. 25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.
"ვლადიმერ შეჩერდი" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა კიევზე თავდასხმას დონალდ ტრამპი. საკუთარ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით შტატების პრეზიდენტმა პუტინს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებისკენ მოუწოდა. ტრამპის მრისხანება დაიმსახურა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია იომოს ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა ლონდონში გამართული მოლაპარაკების შემდეგ და ზელენსკის განცხადებას, რომ უკრაინა არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას, ტრაბახი უწოდა.
ტრამპს სოციალური ქსელით უპასუხა ზელენსკიმ და შეახსენა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა ყირიმის ტერიტორია ანექსირებულად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდება.
მოსკოვი კი ირწმუნება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას არა რუსეთი, არამედ უკრაინა ცდილობს. პარალელურად კრემლს არ მოსწონს ევროპის აქტიურობა და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს.
ანექსირებული ყირიმი მოსკოვის მხრიდან დღეს კიდევ ერთი ბრალდების საფუძველი გახდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 45 უპილოტო საფრენი აპარატი სწორედ ყირიმის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. უწყებაში თქვეს ისიც, რომ უკრაინამ ქვეყნის რვა რეგიონის მიმართულებით 87 დრონი გაუშვა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით კი, საოკუპაციო ძალებმა 215 რაკეტითა და დრონით შეუტიეს. ვითარება კრიტიკული რჩება ფრონტზეც, სადაც რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებები გრძელდება.