14 მაისი 2025,   08:30
ვრცლად
საქართველო-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის პოლიტიკური თანხვედრა - ვაშინგტონში საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა

საქართველო ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის პოლიტიკური თანხვედრა - პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ლევან დავითაშვილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმა უმასპინძლა.

ქართულმა დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ის სახაზინო და კომერციის დეპარტამენტებშიც გამართა. გლობალური ბაზრების მიმართულებით აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან ერთად ლევან დავითაშვილმა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობა და პერსპექტივები განიხილა. ქართულმა მხარემ საქართველო ამერიკას შორის ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ინიციატივა დააყენა. ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა.

ვაშინგტონში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა.

საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის ორგანიზებით, გამართულ შეხვედრაში 15-მდე ინვესტორი მონაწილეობდა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერის და დაფინანსების პირობა მიიღო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ. განიხილეს გლობალური გამოწვევები და რისკები.

ვაშინგტონში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე გამართა. პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორსაც შეხვდა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები