14 მაისი 2025,   09:41
ვრცლად
"აღიარებითი ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ოპოზიცია საქართველოში კარგად გაწერილი რევოლუციური სცენარით მოქმედებდა" - სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის რუს პრანკერებთან საუბარი მეორე დღეა განხილვის თემაა

უჩა ნანუაშვილს ორი დღე დასჭირდა, რომ რუს პრანკერებთან საუბრის შინაარსი დამონტაჟებულად გამოეცხადებინა. თუმცა ყოფილ სახალხო დამცველს საუბრის ავთენტურობის უარყოფა არც უცდია. საუბარია, რუსი პრანკერებზე, რომლებიც ნანუაშვილს და სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით გაეცნენ. ექს პრეზიდენტი და ექს ომბუდსმენი თბილისში საპროტესტო მუხტისთვის დაფინანსების აუცილებლობაზე საუბრობენ. დიალოგში ქართველი პოლიტიკოსები არც იმას უარყოფენ, რომ ქუჩაში გაწვრთნილი და შეიარაღებული ხალხი ჰყავთ, თუმცა პროცესს უსახსრობა აფერხებს.

ნანუაშვილისგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილი კვლავ დუმს. ექს-პრეზიდენტმა კითხვას ამ თემაზე არც გუშინ უპასუხა. ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ ტრამპთან გადაღებულ ფოტოს საჯაროდ აქვეყნებდა, პრანკერებთან კი თქვა, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დიდი პრობლემაა.

აღიარებითი ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ოპოზიცია საქართველოში კარგად გაწერილი რევოლუციური სცენარით მოქმედებდა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა და ნანუაშვილმა ისიც დაადასტურეს, რომ პროტესტის დასაფინანსებლად ე.წ. შავი ფული სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოდიოდა.

ოპოზიცია დუმს. იმათ, ვინც ზურაბიშვილს კვლავ პრეზიდენტად მოიხსენიებს და მასთან კონსულტაციებზე დადის, ამ დრომდე არ აუხსნიათ იზიარებენ თუ არაა საუბრის შინაარსს. განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია.

ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ყოფილი პრეზიდენტი საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოქმედ სუბიექტებად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრანკერებთან დიალოგში USAID-ის და NED-ის დაფინანსების რეალური მიზნებიც გამოაშკარავდა. ექს-პრეზიდენტისა და უჩა ნანუაშვილის განცხადებების გამო, კანონმდებლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის რუს პრანკერებთან საუბრის სრული ჩანაწერი, ორი დღის წინ ერთ-ერთ რუსულ არხზე გამოქვეყნდა.

დღის ამბები