
საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ირაკლი ქარსელაძე თანამდებობას ტოვებს, მის ადგილს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე რევაზ სოხაძე იკავებს. ინფორმაცია პრემიერმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. რევაზ სოხაძე წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე.
ცვლილებები მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა, ის წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2021 წლის ივლისიდან კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, ცვლილებებს დადებითად აფასებს.
"იცვლება კადრები. არის განახლების, ახალი ენერგიის შემოტანის რეალობა. ეფექტური იყო, მშვენიერი მინისტრი იყო, უშველებელი პროექტი განხორციელდა საქართველოში, ეს ჩამოყალიბდა, როგორც პროფესიონალთა უშველებელი გაერთიანება და რასაკვირველია ამას ექნება შესაბამისი განვითარება, სწორედ ისეთი, როგორც ეროვნულ ინტერესებს პასუხსობს. რეფორმები არის აუცილებელი, მნიშვნელოვანი და წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ მუშაობა საკმაოდ ეფექტურია, ამ ეფექტს არაფერი მოაკლდება, ხარისხი არაფერს არ მოაკლდება და ვფიქრობ, რომ გაიზრდება კიდეც ახალი ენერგიით, ახალი შემართებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.