
მოახერხებს თუ არა შტატები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას - დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშია. სტივ უიტკოფმა ამერიკის პრეზიდენტის გზავნილები პირადად ვლადიმერ პუტინს გადასცა. რუსეთის პრეზიდენტმა ის კრემლში, თავის კაბინეტში მიიღო.
სტივ უიტკოფის ვიზიტის პარალელურად, მოსკოვთან რუსი გენერალი ააფეთქეს. მოკლულია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იაროსლავ მოსკალიკი, რომელსაც პუტინის ერთ ერთ ფავორიტ გენერლად ასახელებდნენ. მოსკოვში ფიქრობენ, რომ გენერლის მკვლელობის უკან კიევი დგას.
კიევში კი რუსული თავდასხმის გამო გლოვის დღეა. ქვეყანაში ელოდებიან პრეზიდენტის დაბრუნებას და სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობაზე ინფორმაციის პირადად მისგან მოსმენას. კიევში დაბრუნებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის წითელ ხაზებზე სამხრეთ აფრიკიდან საუბრობს.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ახლა ზელენსკის დათმობაზე წასვლაა აუცილებელი, რომ მთელი ქვეყანა არ დაკარგოს. პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყირიმი უკრაინამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა, როდესაც შტატების პრეზიდენტი ობამა იყო. კიევმა მოსკოვს ტერიტორია უბრძოლველად გადასცა, ამიტომ ახლა მისი დაბრუნება რთული იქნება. რაც შეეხება ნატოს, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ უკრაინა ოდესმე ალიანსში გაწევრიანებას შეძლებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სამშვიდობო დოკუმენტის საპასუხო წინადადებები უკრაინელი და ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ ლონდონში 23 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მომზადდა და მასში წერია, რომ უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა ცაში, ხმელეთსა და ზღვაში. დაბრუნდეს ყველა დეპორტირებული და უკანონოდ დევნილი უკრაინელი ბავშვი. მხარეებმა უნდა გაცვალონ ყველა სამხედრო ტყვე და რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ყველა სამოქალაქო პატიმარი, ასევე, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. ტერიტორიული საკითხები კი ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შემდეგ უნდა გადაწყდეს.