20 მაისი 2025,   10:46
ვრცლად
"ევროკავშირი მიზანმიმართულად ახალისებს იმ ჯგუფებს, ვინც საკუთარი ქვეყნის საბოტაჟს ცდილობს" - მმართველი გუნდი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვიდეორგოლს აფასებს

"ის, რომ ევროპის დღეს, სპიკერად მიჰყვათ ბიზნესის ზეწოლის, ბულინგის ავტორი, ეს არის უბრალოდ ძირის გამოთხრა ევროპული ღირებულებისთვის" - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით გააკეთა.

33 წამიან კლიპში პლატფორმა თავისუფალი ბიზნესის დამფუძნებელი ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი გიორგი ჩუგოშვილს ბიზნესის წარმომადგენლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

სატელევიზიო არქივი გიორგი ჩუგოშვილის არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ის ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს.

წარსულში გაკეთებული განცხადებები ჩუგოშვილმა, დღეს "კურიერთან" სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა. პლატფორმა თავისუფალი ბიზნესის დამფუძნებელს საკუთარ პროგნოზებში ეჭვი არ ეპარება.

ხელისუფლების ოპონენტები პლატფორმა "თავისუფალი" ბიზნესის დამფუძნებლის პოზიციას იზიარებენ. ოპოზიცია პრობლემას ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობის გადაწყვეტილებაში ხედავს, რომელმაც მთავარ სპიკერად ჩუგოშვილი შეარჩია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირი მიზანმიმართულად ახალისებს იმ ჯგუფებს, ვინც საკუთარი ქვეყნის საბოტაჟს ცდილობს. მმართველი გუნდისთვის ევროპულ ღირებულებებზე საუბარი მიუღებელია იმ ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ანტიევროპულ ქმედებებს ჩადიან.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეებთან დაკავშირებით საზოგადოებას "ექსპო ჯორჯიაში" იწვევს. დიპლომატიურმა მისიამ ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები