
სამართალდამცავი უწყებების ქვედანაყოფებმა რომის და ვატიკანის ქუჩებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება ქალაქის პრეფექტის და პოლიციის ხელმძღვანელის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიწყეს. უწყებებმა საგანგებო რეჟიმში შეადგინეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გეგმა.
რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მთელი მსოფლიოდან 200 000-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან. უშიშროების სამსახურის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა წმინდა პეტრეს ბაზილიკა და მოედანი. პერიმეტრზე სნაიპერებთან ერთად მობილიზებულია 2000-ზე მეტი კარაბინერი. წმინდა საყდრის ბოლო მონაცემებით მრავალსაათიან რიგში დგომის შემდეგ პონტიფიკოსთან გამომშვიდობება უკვე შეძლო 130 ათასმა ადამიანმა.
ძალოვნების კონცენტრაცია ხვალ განსაკუთრებით გაიზრდება. პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის პროცესიის უსაფრთხოებას იტალიის ყველა რეგიონიდან მობილიზებული ათასობით სამხედრო უზრუნველყოფს.
რომში ხვალ, 170 ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციას ელოდებიან. მათ შორის იქნებიან პრეზიდენტი ტრამპი, ესპანეთის, შვედეთის, ბელგიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, პრეზიდენტები მაკრონი და ზელენსკი, ასევე ევროკავშირის ლიდერები.
სამგლოვიარო პროცესია ხვალ ადგილობრივი დროით დილის ათ საათზე დაიწყება. პონტიფიკოსს ანდერძის თანახმად ვატიკანის გარეთ, რომში სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.