
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2023 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, დოკუმენტიდან ამოღებულია ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის ფორმულირება და ამ ქვეყნებთან მხოლოდ თანამშრომლობის საკითხებზეა საუბარი.
2024 წლის დოკუმენტში არსებულ ცვლილებებს ქართული მხარე მალევე გამოეხმაურა. უმრავლესობისთვის ნატოს პოზიცია გასაკვირი არ არის, თუმცა მაინც მიიჩნევენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანასთან მიმართებაში უსამართლოა.
პასუხისმგებლობას ნატოს შეცვლილ დამოკიდებულებაზე ხელისუფლებას აკისრებს ოპოზიცია. განსხვავებულია მათი მიდგომები უკრაინასთან დაკავშირებით.
"ქართული ოცნება" სამშვიდობო მისიებში მებრძოლ ქართველებზე და ნატოში გაწევრიანებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის დაუმსახურებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო და უკრაინა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან. თუმცა ნატოს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე საუბარი აღარ არის.
ავტორი: კესო ქაფიანიძე.