
საქართველოს უახლესი ისტორიის პოლიტიკური გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ დღეს საკუთარ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ტექსტში საუბარია იმ პოლიტიკურ ტურბულენტობაზე, რომელსაც შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება, მასშტაბური საერთაშორისო შანტაჟის ფონზე, გაუმკლავდა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, ვრცელ წერილში დეტალურად გაიხსენა, როგორ ცდილობდა ე.წ. დიფ სთეითი, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის ადგილობრივი ოპოზიციის ხელით მიეღწია.
თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატებაში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობაც. კანონმდებლების აზრით, ოპოზიციამ გარე ლობისტების ინსტრუქციის მიუხედავად, გასულ ექვს თვეში არჩევნებზე დარღვევების ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, კვლავ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ ოპოზიციურ პარტიებში.
მმართველ გუნდში ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ. ამბობენ, რომ ოპოზიციისა და მათი ლობისტების ყველა დესტრუქციული სტრატეგია საქართველოში ჩავარდა. მიზეზი მმართველი გუნდის გონივრული და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკაა, რომელიც საზოგადოებამ ზუსტად გაანალიზა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ვრცელ წერილში, განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო წესრიგში ტრამპის ადმინისტრაციის როლსაც დაუთმო. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორთან გადატვირთვის პოლიტიკისთვის მზადაა.