20 მაისი 2025,   10:28
ვრცლად
საქართველოსთვის სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და შესაბამისად, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია - ლაშა დარსალია

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

"ზვარტნოცის" საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. პრეზიდენტი ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები - სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

"საქართველოსთვის სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია. ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და შესაბამისად, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანი არის.

განხილული იქნება მიმდინარე თანამშრომლობის, ასევე რეგიონული მშვიდობის საკითხები", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

დღის ამბები