20 მაისი 2025,   11:19
ვრცლად
სააკაშვილის ზარი გიორგი ნემსაძესთან და არჩევიდან 2 საათში, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვება - საგამოძიებო კომისიამ დღეს კიდევ რამდენიმე პირი გამოჰკითხა

გიორგი ნემსაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წუთში, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დილემის წინაშე დააყენა. 2007 წლის 13 მაისს, ნემსაძემ ჯერ მილოცვები მიიღო, სულ ცოტა ხანში კი - მიხეილ სააკაშვილის ზარი. ყოფილმა პრეზიდენტმა მას დაუყოვნებლივ გადადგომა და ახალი ყრილობის გამართვა მოსთხოვა. ვეტერანმა ფეხბურთელმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეტალურად გაიხსენა, რომ სააკაშვილმა მასთან ახლო მეგობარი დავით კირკიტაძე და სპორტის სამინისტროში, სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი დავით ნამგალაური გაგზავნა, არჩევნებში გამარჯვებიდან 2 საათში კი თანამდებობიდან გადადგა.

ფეხბურთის ფედერაციის 2007 წლის არჩევნები გაიხსენა კიდევ ერთმა კანდიდატმა, მამუკა კვარაცხელიამ. UEFA-ს მედია ოფიცერმა და ჟურნალისტმა კომისიის წევრებთან მისი გატაცებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრა. თქვა, რომ ნიღბიანი პირები მას თითქმის 45 წუთის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ. მოტეხილი ჰქონდა ათივე თითი, 6 ნეკნი, ლავიწი და სხვა ძვლები, ძალადობის შემდეგ კი, ხელფეხშეკრული ვაშლიჯვრის ტყეში დატოვეს. კვარაცხელიამ თქვა, რომ მასზე მომხდარი თავდასხმის მიღმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იდგნენ, რომელთაც ის ხშირად აკრიტიკებდა და მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა.

ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საგამოძიებო კომისიას ჩვენება დღეს საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა მისცა. შალვა ოგბაიძემ 2011 წლის 26 მაისი გაიხსენა და აქცია, საიდანაც, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, დაზიანების გარეშე არცერთ მოქალაქე არ უნდა წასულიყო.

მოქმედმა დეპუტატმა და საავტომობილო ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ვრცელ ჩვენებაში აღწერა ისიც, თუ როგორ დაათმობინეს იძულებით ფედერაციის ქონება.

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე დღეს შპს "ჟინერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემაც ისაუბრა. კომისიის სხდომა კანონმდებლებმა ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმის განხილვით გახსნეს და ბიზნესმენ თეიმურაზ ჭიჭინაძესთან ერთად, შოთა მაჭარაშვილს მოუსმინეს. დაზარალებულებმა თქვეს, რომ "ჟინერი", რომელიც ჟინვალ-ჰესს ამუშავებდა, მათ იძულებით ჩამოართვეს და მრავალმილიონიანი ქონება კონკრეტულმა ჯგუფმა გაინაწილა.

13 თებერვლიდან დღემდე, საგამოძიებო კომისიამ 55 პირი გამოჰკითხა, მათ შორის 30 დაზარალებულია. კანონმდებლები პარლამენტის ბიუროს ხვალ, 29 აპრილს შუალედურ ანგარიშს წარუდგენენ და კომისიის უფლებამოსილების ვადის 5 ივნისამდე გახანგრძლივებას მოითხოვენ.

დღის ამბები