
მორიგ გზავნილს თბილისიდან ბრიუსელს სოროსის ფონდის ყოფილი მკვლევარი, ვანო ჩხიკვაძე უგზავნის. ვანო ჩხიკვაძის მოსაზრება ერთ-ერთი ჟურნალის მეშვეობით გავრცელდა. ყოფილი მკვლევარი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქს არწმუნებს, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს, თან ასოცირების ხელშეკრულებიდან გავიდეს და თან, ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს.
მოღალატეობრივი და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ყოფილი მენეჯერის ავტორობით მომზადებულ სტატიას.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ჩხიკვაძის მოსაზრებას ემიჯნება. ამბობენ, რომ შეზღუდვები არა სახელმწიფოს, არამედ კონკრეტული ინდივიდების მიმართ უნდა ამოქმედდეს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებს ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს და ყველას ამ ფაქტის ობიექტური შეფასებისკენ მოუწოდებენ.
სახელისუფლებო გუნდში ჩხიკვაძის პოზიცია არ უკვირთ და ამბობენ, რომ ის წარსულშიც გამოირჩეოდა სახელმწიფოს იმიჯის შელახვის მცდელობით.
ვანო ჩხიკვაძე ვრცელ სტატიაში ბრიუსელსაც აკრიტიკებს და საქართველოსთან მიმართებაში მეტი სიცხადის შემოტანისკენ მოუწოდებს.