
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.
მარტა კოსი საუბრობს შესაძლებლობებზე ევროკავშირმა უკან წაიღოს ვიზალიბერალიზაცია, გადახედოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, გაყინოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამავდროულად, ისმის ურთიერთობების აღდგენის სურვილიც.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" მზად არის ბრიუსელთან სასაუბროდ, ყველა იმ თემაზე, რომელიც ორივე მხარისთვის იყოს მნიშვნელოვანი.
"საბოლოო ჯამში, საღი აზრი და სიმართლე იმარჯვებს და სწორედ ამ ტენდენციას ვაკვირდებით. ეს არ არის პირველი სიგნალი, რაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში მივიღეთ ევროკავშირიდან, არის სხვა განწყობებიც, მათ შორის, წევრ სახელმწიფოებში.
გაუგებრობებს და აზრთა სხვადასხვაობებს სჭირდება დიალოგი იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ სად ვდგავართ, რატომ ვდგავართ და რაც მთავარია, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ვითარებაში არ ვიყოთ. მივესალმებით, თუ საბოლოო ჯამში, ეს გადაითარგმნება კონკრეტულ ნაბიჯებში - დიალოგისკენ.
ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ბრიუსელის წარმომადგენლებთან ვისაუბროთ ყველა თემაზე, რომელიც შეიძლება ჩვენთვისაც და მათთვისაც იყოს მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.