
პარლამენტი ახალ რეგლამენტს მეორე მოსმენით განიხილავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა და უქმდება მინისტრის საათი.
დეპუტატები შეძლებენ საჭირო საკითხებზე პრემიერი, მინისტრები და ანგარიშვალდებული პირები პარლამენტში ყველა სასესიო კვირაში დაიბარონ. დროებითი კომისიები მუდმივმოქმედ საბჭოებს ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც.
სახელისუფლებო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის.
"კომიტეტზე განხილვის შედეგად გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა ნაკლებად არის დიდი ცვლილებები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც წინა განხილვის დროს იყოს, შეეხებოდა ინტერპელაციას, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწა. ჩვენი მიზანია, რომ პარლამენტში გვქონდეს რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მხრივ და ეს პროცედურები იყოს მოქნილი, სწრაფი, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული. გახსოვთ "მინისტრის საათის" პროცედურა, მთლიანი წლის განმავლობაშია გაწერილია როდის, რომელი მინისტრი მოდის და შეიძლება სექტემბერში მოვიდეს მინისტრი, რომელთანაც კითხვები მარტში არსებობს. შესაბამისად, ამ მსჯელობის შედეგად, შემდეგი რედაქციაა მეორე მოსმენით შემოთავაზებული, რომ ყოველი სასესიო კვირის ოთხშაბათი და ხუთშაბათი ინტერპელაციის დღედ ჩაითვლება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.