
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ბრიუსელიდან ქვეყნის სუვერენული უფლებების პატივისცემის შემთხვევაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ტრადიციულ კალაპოტს დაუბრუნდება. შალვა პაპუაშვილმა დღეს, მარტა კოსის განცხადება შეაფასა. ევროკომისარმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, იმ ბერკეტებზე ისაუბრა, რომლის გამოყენებაც ევრობიუროკრატებს შეუძლიათ, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგი აღდგეს. პარლამენტის სპიკერი ევროპელ პოლიტიკოსებს, ერთდროულად მუქარისა და იმედის მომცემი განცხადებების ნაცვლად, მათი მხრიდან მიდგომების გამოსწორებას ურჩევს.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ვრცელი ინტერვიუ "რადიო თავისუფლების" პრაღის ოფისს მისცა. მარტა კოსმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრა. არ გამორიცხა, რომ საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაყინვით დაისაჯოს. თქვა ისიც, რომ ევროკავშირს ასპირანტი ქვეყნის დაკარგვა არ სურს და შეწყვეტილი დიალოგის განახლება შესაძლებელია.
ევროკომისრის ინტერვიუდან მხოლოდ გაფრთხილების ტონი ამოიკითხა ოპოზიციამ. პოლიტიკოსების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
ოპოზიციისთვის რომ მხოლოდ მუქარის ტონია მისაღები, მმართველ გუნდში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ოპონენტების დიდი ნაწილი საქართველოში უცხო ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. ევრობიუროკრატების ნაწილი დარწმუნდა, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარს შედეგი ვერ ექნება - ასე აღიქვეს მარტა კოსის ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
უმაღლესმა კომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკს მისცა. მარტა კოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან უნდა გაგრძელდეს.