14 მაისი 2025,   08:44
ვრცლად
"კანონი და კანონიდან გამომდინარე სხვადასხვა ცვლილება არის პოლიტიკურად მოტივირებული" - თეონა აქუბარდია

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დღეს დეპუტატები სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განიხილავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები 18 კანონპროექტისგან შედგება. "სისხლის სამართლის კოდექსს" სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება, ანალოგიური ფორმულირება ჩნდება "ადმინისტრაციულ კოდექსშიც".

გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს. პარალელურად კი, მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია, დაგეგმილ ცვლილებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"კანონი და კანონიდან გამომდინარე სხვადასხვა ცვლილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. ის, რასაც აქამდე ადგილი ჰქონდა, როდესაც უარს ეუბნებოდნენ ქვეყანაში შემოსვლაზე ფოტოგრაფებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს, ახლა უკვე ამას გააკეთებენ კანონით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები