
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ განცხადებები გაკეთდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გამოცემა ABC-თან ინტერვიუში, ტრამპი ამბობს, რომ, რუსული არმიის უკრაინაზე თავდასხმების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება უნდა. მისივე აზრით, პუტინის ოცნება იყო მთელი უკრაინის დაპყრობა, მისი წყალობით, კი ამას ვერ მოახერხებს.
"ვფიქრობ, მე რომ არა, პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობდა. ასევე, ვფიქრობ, ჩემ გამო, მას ამის [ომის] შეწყვეტა უნდა", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის და არ გამორიცხა, რომ პუტინი მის გაცურებას ცდილობს.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა კი "ფოქს ნიუსის" ეთერში რუსეთს მოუწოდა, ცეცხლის მუდმივი და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შეთანხმება დადოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი პუტინზეა დამოკიდებული.
კელოგი გამოეხმაურა პუტინის გამოცხადებულ "3 დღიან ზავს" თქვა, რომ ეს აბსურდია და ტრამპს ყოვლისმომცველი შეთანხმება სჭირდება. ამასთანავე, კელოგის თქმით, ამ დროისთვის აშშ და უკრაინა კარგ პოზიციაში იმყოფებიან და რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ რუსეთის ფედერაცია და უკრაინა პროგრესს არ აჩვენებენ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სიტყვების ციტირებისას განაცხადა.