
IT მხარდაჭერა, მარკეტინგული მომსახურება, მონაცემთა დამუშავება - ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა. უცხოეთიდან საქმიანობის ან მომსახურების მისაღებად ქართულ ბაზარს სამუშაო ძალის, დაბალი გადასახადების და სტაბილური ეკონომიკური გარემოს მიხედვით ირჩევენ.
ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალის ასათვისებლად ქვეყანაში უკვე ოპერირებენ ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიები. BPO სექტორის განვითარება ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და ნერგავს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ექსპორტზე ორიენტირებული მომსახურების ზრდისთვის მნიშვნელოვანი წვლილი სააგენტო "აწარმოე საქართველოს“ შეაქვს. პოპულარიზაციის ხელშეწყობად, საქართველო წარდგენილი იყო 30-ზე მეტ საერთაშორისო ფორუმზე. ასევე ამოქმედდა გრანტის პროგრამა.
BPO სექტორში მიმდინარე ცვლილებები არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. საქართველოს შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა ანალიტიკურმა პლატფორმა "ეს-ეს-ოუ-ენმა", რომლის შეფასებაში აღნიშნულია ინვესტორებისთვის ხელსაყრელი უპირატესობები - ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ციფრული მზადყოფნა და ბიზნესის წარმოების სიმარტივე.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.