
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის უმრავლესობა მონაწილეობას მიიღებს. შალვა პაპუაშვილმა ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ პარტიების ნაწილს შესაბამისი სამზადისიც დაწყებული აქვს.
ოპოზიციას მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები, დარჩებიან საკრებულოებს მიღმა თუ დათანხმდებიან არჩევნებში მონაწილეობას. გიორგი გახარიას გუნდში იმედი აქვთ, რომ თვითმმართველობასთან ერთად ოქტომბერში ახალი საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნება და მათი სამზადისიც ამას უკავშირდება. რაიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს არც "ლელოში" უარყოფენ. ამ პარტიაშიც ამბობენ, რომ რესურსის მობილიზებას ახალი არჩევნებისთვის ცდილობენ.
ოპოზიციის ნაწილის პოზიცია გაურკვევლობას იწვევს სხვა პარტიებში. გიორგი ვაშაძე კოლეგებს არსებული ვითარების გააზრებისკენ მოუწოდებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არც კი უნდა განიხილებოდეს.
არსებულ ვითარებაში ნებისმიერ არჩევნებში ოპოზიციის გარანტირებულ მარცხს ელოდება კოალიცია "ცვლილებისთვის" ყოფილი წევრი. ცოტნე კობერიძე მიიჩნევს, რომ ამჟამად პარტიების მთავარი პრობლემა ამომრჩევლის მხრიდან უნდობლობაა.
რიგით მეათე მარცხს უწინასწარმეტყველებს ოპოზიციას მმართველი გუნდიც.
ადგილობრივი არჩევნები 6 თვეშია დანიშნული. მიიღებს თუ არა ოპოზიციის უმრავლესობა მასში მონაწილეობას, ეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გადის. "ქართული ოცნებაში" ოპონენტებს არწმუნებენ, რომ საარჩევნო კალენდრით ჯერ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 2028 წელს კი საპარლამენტო.