
მეორე მსოფლიო ომის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის შესახებ საუბარი 80 წლის შემდეგაც უჭირს - გიორგი დეკანოსიძე ქართველ ვეტერანებს შორის უხუცესი - 103 წლისაა. "კურიერთან" თითქმის საუკუნის წინანდელ მოვლენებს და იმ გამარჯვების სიხარულს იხსენებს, რომელიც 1945 წლის 9 მაისს განიცადა.
ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ტრადიციულად, ხალხმრავლობა იყო. შეიკრიბნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და არა მხოლოდ. დღეს ვეტერანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს წარსული
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ომის გმირებს კიდევ ერთხელ უთხრეს მადლობა ახალგაზრდებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, მათ ვისაც 1939-45 წლის მოვლენები არ ახსოვთ. საქართველოში კი ამ ომის მონაწილე 57 ადამიანი ცხოვრობს. მთავრობის განკარგულებით, ვეტერანებმა ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 2000 ლარი მიიღეს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი 1000 ლარი.
ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში მივიდა პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ყვავილებით შეამკეს მელიტონ ქანთარიას ბიუსტი და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს პატრიარქი. ილია მეორე წერს, რომ 80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვის ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება კაცობრიობას უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს.
მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს დაიწყო და 1945 წლამდე, ვერმახტის კაპიტულაციამდე გაგრძელდა, მას შემდეგ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ აღინიშნება.
საქართველოდან ომში 700 000 ადამიანი იბრძოდა, თუმცა შინ ნახევარზე მეტი ვეღარ დაბრუნდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.