
ოკუპირებული ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ - ის, რაზეც ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ, ჯეი დი ვენსმა გაამხილა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა თეთრი სახლის ულტიმატუმზეც ისაუბრა. თუ ზელენსკი პუტინის მოთხოვნებს დათანხმდება, დონალდ ტრამპი მოლაპარაკების პროცესს დატოვებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის გარეშე პუტინი უკრაინაში თავის მიზანს დიდი ხნის წინ რომ მიაღწევდა, ეს დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შეკრებილ მედიას უთხრა - შტატების 47-ე პრეზიდენტს არც ის დაუმალავს, რომ კიევისთვის ვაშინგტონის მიერ გაწეულ დახმარებას კონკრეტული ფასი აქვს. მხარდაჭერის სახით გაცემულის დაბრუნებას, ტრამპი უკრაინასთან გაფორმებული იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებით აპირებს.
სანამ რუსეთი და უკრაინა კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწევენ, ომის დასრულების გეგმის ჩამოსაყალიბებლად, ვოლოდიმირ ზელენსკი 30 დღიან ზავს ითხოვს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევის ამ ინიციატივას მხარს უჭერენ ვაშინგტონშიც .
სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ალტერნატიული გეგმის მომზადება დაიწყეს ევროკავშირში. ვარშავაში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები მხარეებს საბოლოო შეთანხმებამდე ვერ მიიყვანს, პროცესში ახალი მოთამაშეების - ჩინეთისა და თურქეთის ჩართვას განიხილავენ.
უკრაინაში ომის 1171-ე დღეა. არაპირდაპირი მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის 3 თვეა მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ შეძლეს.