
რომის ახალ ეპისკოპოსს გამთენიისას სიქსტის კაპელაში იერარქების პროცესია შეუძღვა. ლეონ XIV-ე კარდინალების კოლეგიის წინ წმინდა საყდრის საჭეთმპყრობლის ყველა ატრიბუტით წარსდგა. საზეიმო ღვთისმსახურებაზე ქადაგება რომის ახალმა პაპმა მშობლიურ ინგლისურ ენაზე დაიწყო.
133 კარდინალი ახლა ვატიკანს ტოვებს და საკუთარი მისიით ქვეყანაში ბრუნდება. კონკლავი მაშინ დასრულდა, როდესაც ახალი პაპი კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის მიღებულ გადაწყვეტილებას დათანხმდა. ყველაზე გასაიდუმლოებული არჩევნების შესახებ დოკუმენტაცია და ბიულეტენები სიქსტის კაპელაში ღუმელში უკვე გაანადგურეს.
ახალი პაპის არჩევის შესახებ მსოფლიოს გუშინ საღამოს სიქსტის კაპელის საკვამურიდან ამოფრქვეულმა თეთრმა კვამლმა ამცნო.
ვიდრე წმინდა პეტრეს მოედანზე ათი ათასობით ადამიანის მზერა, ბაზილიკის აივნისკენ იყო მიმართული, ახლად არჩეული პონტიფიკოსი ჯერ "ცრემლების ოთახში" შემოსეს, აქვე აირჩია მან საკუთარი პაპობის სახელი. შემდეგ კი ის სიქსტის კაპელაში დაბრუნდა და კარდინალებს მიესალმა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა აივანზე და ტრადიციული ფორმულა წარმოთქვა "ვამცნობ ყველას უდიდეს სიხარულს ჩვენ გვყავს პაპი".
69 წლის კარდინალი ამერიკელი ობერტ პრევოსტი კოლეგიამ მეოთხე ცდაზე აირჩია. ის ისტორიაში 267-ე პაპია და პირველია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც წმინდა საყდარს უხელმძღვანელებს.
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ პაპი ამერიკელია, შეერთებული შტატების ქალაქებში კათოლიკურ კათედრალებთან ხალხმრავლობა არ წყდება, მათ შორის ნიუ იორკის კათედრალთან. უკვე დაიგეგმა ტრამპის და ლეონ მეთოთხმეტეს შეხვედრა - ზარი თეთრი სახლიდან ვატიკანში გუშინვე განხორციელდა.
ლეონ მეთოთხმეტე 1955 წლის 14 სექტემბერს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში, ლუის მარიუს პრევოსა და მილდრედ მარტინესის ოჯახში დაიბადა. ის მამით ფრანგი და იტალიელი, ხოლო დედით ესპანელია. პრევოსტმა ეკლესიაში მსახურება ილინოისის შტატის ქალაქ დოლტონში ბავშვობაში დაიწყო. სკოლაში, კოლეჯში და უნივერსიტეტში წარჩინებული სტუდენტების სიაში იყო. პრევოსტმა კარიერის ადრეული წლები ავგუსტინელთა ორდენისთვის მუშაობაში გაატარა. მსახურობდა ოც წელზე მეტი როგორც სამრევლოს მღვდელი და სემინარიის მასწავლებელი.