
ევროკავშირის ელჩის განცხადება პოლიტიკური განხილვის საგანია თბილისში. მმართველი გუნდი პაველ ჰერჩინსკის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. კითხვაზე უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და უნდა შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში - პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ის ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა.
პასუხად, "ქართულ ოცნებაში" დღეს ელჩის არაერთი განცხადება გაიხსენეს, რომელიც მათი შეფასებით სწორედ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. საუბარია ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებას და ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე შეფასებებს ეხება.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მისი მხრიდან მოწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დიპლომატიურად გამართლებული არ იქნებოდა.
"ბატონ ჰერჩინკის ესმის ის პოლიტიკური ფონი, რაც არის ქვეყანაში, ამიტომაც მისი მხრიდან მოწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ნამდვილად არ იქნებოდა დიპლომატიურად გამართლებული. შიდა საქმეებში რანაირად ერევა, როგორ წარმოგიდგენიათ ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს არ აკეთებდეს? აბა რით უნდა იყოს ეს ადამიანი დაკავებული,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.