
"ქართული ოცნება" ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას აფასებს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და გრძელვადიანი კამპანიის მიუხედავად, საზოგადოების მობილიზება ვერც გუშინ მოახერხეს.
აქციით კმაყოფილია ოპოზიცია. საუბრობენ შეცდომებზეც, თუმცა ამტკიცებენ, რომ ეს საპროტესტო აქციის მუხტზე და ხალხის რაოდენობაზე არ აისახება.
კოლეგა ოპოზიციონერებისგან განსხვავებულად ფიქრობენ გირჩში. სანდრო რაქვიაშვილისთვის ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაცია, იმის დემონსტრირებაა, რომ ოპოზიცია ხალხში ნიჰილიზმს აღვივებს.
"ქართულ ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები ღრმა კრიზისში არიან და ამაზე აქციის მონაწილეების რაოდენობაც მიუთითებს. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ პროცესზე გავლენას გარედან მიღებული დაფინანსების შემცირებაც ახდენს.
ევროპის დღესთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებმა რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა მოაწყვეს. საპროტესტო აქციის საბოლოო წერტილი კი ევროპის მოედანი იყო.
ავტორი: ნანა გოგატაძე.