23 მაისი 2025,   09:46
ვრცლად
3 საათი პუტინის სამდღიანი ზავის დასრულებამდე და 51 საათი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის ამოქმედებამდე - კიევი მოსკოვისგან ახალ დროებით ზავს ითხოვს

3 საათი ვლადიმერ პუტინის სამდღიანი ზავის დასრულებამდე და 51 საათი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის ამოქმედებამდე - კიევი მოსკოვისგან ახალ, დროებით ზავს ითხოვს.

გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან ერთად მიიღო. ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი, ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტუსკი კიევში დილიდან ჩავიდნენ. თითქმის 5 საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ კი, ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს ერთად მიმართეს.

ერთიანობა მთავარ მედიატორსაც აჩვენეს - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე ინფორმაცია სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მიაწოდეს.

ევროპელი ლიდერების მიმართვას თავად ადრესატი არ გამოხმაურებია. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა კი თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნებისმიერი ქვეყნის ლიდერთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ევროპისგან მხოლოდ კონფრონტაციული ხასიათის განცხადებებს ისმენს.

რუსეთსაც და უკრაინასაც ომის ყოველდღიური დანაკარგები კიდევ ერთხელ შეახსენა ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა და მხარეებს მშვიდობის დამყარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

შეწყდება თუ არა უკრაინაში ცეცხლი მინიმუმ 30 დღით - ეს უკვე რუსეთის პასუხზეა დამოკიდებული. სანამ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ურთიერთბრალდებების ფონზე შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, უკრაინაში ომის 1172-ე დღე სრულდება.

დღის ამბები