
გიორგი გახარიას გუნდის ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიკა ფილფანმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის მზადაა, თუმცა მზად არიან თუ არა მოახლოებული, მუნიციპალური არჩევნებისთვის, ეს კითხვა ისევ მკაფიო პასუხის გარეშე რჩება.
კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხები აქვთ "გირჩში". პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე ემზადება, კოლეგა ოპოზიციონერების პოზიციები კი მათთვის გაუგებარია.
ამ დროისთვის, ერთ პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და პარტია "ახალი". ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ და მმართველი გუნდისგან ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშვნას ისევ ითხოვენ.
მეათე, საიუბილეო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას აანონსებს მმართველი გუნდი. ოპოზიციის პოზიციასთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ მხოლოდ გარედან მიღებულ დავალებებზეა დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მათი ოპონენტები მონაწილეობას.
საქართველოს მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს, 64 მუნიციპალიტეტში, 4 ოქტომბერს აირჩევს.