24 ივნისი 2025,   10:57
ვრცლად
ჩიკაგოში დაბადებული პირველი ამერიკელი პაპი - ვინ არის რობერტ ფრენსის პრევოსტი

2015 წელი, პერუს ჩრდილოეთში მდებარე ჩიკლაიოს ეპარქია - მისიონერი, რომელიც ბიბლიას ქადაგებს, ადამიანებს ეხმარება, საკვებით ამარაგებს, ცხენით გადაადგილდება - "ლათინოამერიკელი," როგორც მას რომში უწოდებენ, 20 წლის განმავლობაში პერუს უღარიბეს ანკლავში მოღვაწეობდა და ქვეყანა იმდენად შეუყვარდა, მოქალაქეც კი გახდა.

გავა დრო და წმინდა პეტრეს ბაზილიკის ისტორიული აივნიდან ის მთელ კათოლიკურ სამყაროს დალოცავს.

სიქსტის კაპელაში კარდინალად შესული რობერტ ფრენსის პრევოსტი, იქიდან რომის პაპად გამოვა. ვატიკანის მეთაური, კათოლიკური სამყაროს ისტორიაში პირველად, ამერიკელი ხდება. ეპისკოპოსი, რომელიც კარდინალად გასულ წელს აკურთხეს.

საზეიმო ღვთისმსახურებაზე ქადაგება რომის ახალმა პაპმა მშობლიურ ინგლისურ ენაზე დაიწყო, სიტყვა კი მარიამის ვედრებით დაასრულა.

წარმოშობით ამერიკელი პაპისგან ამ სიტყვების მოსმენა განსაკუთრებულად უხაროდათ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ამერიკის მოქალაქეებს. ზეიმობდნენ, ჭარბობდა შეერთებული შტატების დროშები. გზა ამერიკიდან წმინდა საყდრამდე, ილინოისის შტატში, ჩიკაგოდან იწყება, სადაც 1955 წელს დაბადებულმა პრევოსტმა ბავშვობა გაატარა. ჰყავს ორი ძმა.

პრევოსტი ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში გაიზარდა და 137-ე ქუჩაზე მდებარე წმინდა მარიამის მიძინების ეკლესიაში ხშირად დადიოდა. მისი მამა, ფრანგული და იტალიური წარმოშობის პედაგოგი იყო და ეკლესიაში მსახურობდა, დედა ესპანური წარმოშობის ბიბლიოთეკარი იყო.

პრევოსტმა, სენტ-ლუისში წმინდა ავგუსტინეს ორდენთან არსებულ მცირე სემინარიაში მოწაფეობის შემდეგ, ავგუსტინელთა დაწესებულება, ფილადელფიის ვილანოვას უნივერსიტეტი, მათემატიკის განხრით დაამთავრა.

1977 წლიდან პრევოსტი წმინდა ავგუსტინეს ორდენში (OSA) შევიდა და თეოლოგიური განათლება ჩიკაგოს კათოლიკური თეოლოგიის კავშირის სემინარიაში მიიღო. პრევოსტი, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ, იტალიურ და ფრანგულ ენებს, ორჯერ აირჩიეს საუკუნოვანი ისტორიის მქონე წმინდა ავგუსტინეს ორდენის უმაღლეს ლიდერად.

ზედამხედველებმა 27 წლის პრევოსტი რომში გაგზავნეს თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში (Angelicum-ში) სასწავლებლად, სადაც მან კანონიკურ სამართალში დიპლომი მოიპოვა.

პრევოსტი მღვდლად 1982 წელს რომში აკურთხეს. 1985-1999 წლებში პერუში მისიონერული საქმიანობის შემდეგ იგი ჩიკაგოში არსებული ავგუსტინელთა ორდენის გენერალურ პრიორად დაინიშნა.

2018-2020 წლებში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას, ხოლო 2023 წელს პაპმა პრევოსტი რომში გამოიძახა, მთავარეპისკოპოსად აკურთხა და დანიშნა გავლენიან პოზიციებზე: ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტად და ლათინური ამერიკისთვის პონტიფექსის კომისიის პრეზიდენტად. გასული წლის იანვარში კი პაპმა ფრანცისკემ პრევოსტს კარდინალობაც უბოძა.

8 მაისი, ვატიკანის დროით საღამოს 18:00 საათი - წმინდა პეტრეს მემკვიდრეს ვატიკანში შეკრებილები სუნთქვაშეკრული და ბუხრის საკვამურს მზერამიპყრობილი ელოდებიან. რამდენიმე იმედგაცრუებული მოლოდინისა და გასაიდუმლოებული რიტუალის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეების თვალწინ რომის ახალი პაპი დაიბადება.

მსოფლიოს ეს ამბავი საკვამურიდან ამოფრქვეულმა თეთრმა კვამლმა ამცნო.

კონკლავმა პეტრეს კათედრის მემკვიდრე მეოთხე კენჭისყრაზე აირჩია. ამ მხრივ ახალმა პონტიფექსმა ფრანცისკესა და ბენედიქტეზე სწრაფად შეძლო ხმების ორ-მესამედზე მეტის მოგროვება.

ახლადარჩეული პონტიფიკოსი ჯერ "ცრემლების ოთახში" შემოსეს, აქვე აირჩია მან საკუთარი პაპობის სახელი. ლეო მეთოთხმეტე - სახელი, რომელიც ყველაზე ნაკლებად მეტყველებს იმაზე, რომ პროგრესისტია. შემდეგ კი ის სიქსტის კაპელაში დაბრუნდა და კარდინალებს მიესალმა. ამ ისტორიულ მომენტს კი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი 50 000 -მდე ადამიანი ელოდა.

პაპი ფრანცისკესგან განსხვავებით, არ აურჩევია მოკრძალებული ჩაცმულობა - ეცვა ფერულა, თუმცა, ამერიკელის რომის პაპად არჩევა ბევრისთვის მაინც მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. საბაბად სახელდებოდა კარდინალების ნაწილის სურვილი, არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკლესია თანხვედრაში მოდიოდა დედამიწის სუპერსახელმწიფოსთან. პაპი ფრანცისკეს პონტიფიკატის ხანაში, 69 წლის კარდინალი პრევოსტი ვატიკანის ერთ-ერთი მოწინავე მაღალჩინოსანი გახდა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში ახალი ეპისკოპოსების შერჩევაზე იყო პასუხისმგებელი.

მას შემდეგ, რაც რომის პაპი გახდა, პაპი ლეო XIV პონტიფექსის ტიტულით პირველად იმყოფებოდა ვატიკანის გარეთ, მივიდა წინამორბედის საფლავთან და ილოცა. მან თეთრი ვარდებით შეამკო ღვთისმშობლის ხატი სანტა მარია მაჯორეს ტაძარში და ასევე თეთრი ვარდი მიიტანა პაპ ფრანცისკეს საფლავთან, შეხვდა შეკრებილ ხალხს.

ფრანცისკეს შემდეგ ლეო XIV მეორე პაპი იქნება დასავლეთ ნახევარსფეროდან, თუმცა ბერგოლიოსგან განსხვავებით, პრევოსტი აშშ-ის მოქალაქეა.

პაპი ლეო მეთოთხმეტე პეტრეს კათედრაზე მღელვარე პერიოდში აღსაყდრდა, როგორც საეკლესიო, ისე გეოპოლიტიკური კუთხით. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ პირველი სიტყვით პაპმა ლეომ მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.

ომსა და მშვიდობაზე საუბრისას ერთ-ერთ ინტერვიუში გამოეხმაურა უკრაინის კონფლიქტსაც. 2022 წელს ერთ-ერთ პერუულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინაში იმპერიალისტურად შეიჭრა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები ჩაიდინა.

დღეს მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგას უშუალოდ კათოლიკური ეკლესიაც. მსოფლიოს უდიდესი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც 1.4 მილიარდამდე მიმდევარი ჰყავს, არაერთ ქვეყანაში სეკულარიზმის კრიზისსა და სასულიერო კადრების დეფიციტს განიცდის. კანონიკური სამართლის სფეროში მისი მყარი საფუძველი ასევე დამამშვიდებლად აღიქმებოდა კონსერვატიული კარდინალების ჯგუფებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღების გამახვილება სურდათ თეოლოგიაზე.

საინტერესოა მისი პოლიტიკური შეხედულებებიც, ბოლოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც გააკრიტიკა. მან 2016, 2014 და 2012 წლებში რესპუბლიკური პარტიის 3 პრაიმერიზში მისცა ხმა. საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობა 2018 და 2024 წლებშიც მიიღო, თუმცა ამჯერად რესპუბლიკურ პრაიმერიზში მონაწილეობის გარეშე. პრევოსტი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ჩიკაგოშია დარეგისტრირებული. შესაბამისად, ილინოისის შტატში ამომრჩევლებს არჩევნებზე ხმის მისაცემად პოლიტიკური პარტიის წევრობა არ უწევთ. თუმცა პრაიმერიზის არჩევნების დროს მათ შეუძლიათ, აირჩიონ, რომელი პარტიის ბიულეტენზე მისცემენ ხმას.

რომის პაპმა მალევე მიიღო მილოცვა ოკეანისპირეთიდან. უკვე დაიგეგმა ტრამპისა და ლეონ მეთოთხმეტეს შეხვედრაც - ზარი თეთრი სახლიდან ვატიკანში უკვე განხორციელდა.

შეერთებული შტატების ქალაქებში კათოლიკურ კათედრალებთან ხალხმრავლობა არ წყდება, მათ შორის ნიუ-იორკის კათედრალთან.

267-ე პაპის ასარჩევად 133 კარდინალი, ხუთი კონტინენტის 71 ქვეყნიდან რომში ჩავიდა, ახლა ისინი ვატიკანს ტოვებენ და საკუთარი მისიის ქვეყნებში ბრუნდებიან.

არავინ იცის, რა გზას დაადგება პეტრე მოციქულის ახალი მემკვიდრე და წმინდა საყდრის მესაჭე, რომელიც ისტორიის ახალი ფურცლის დასაწერად ემზადება. კათოლიკურ ეკლესია კი მნიშვნელოვანი გარდაქმნის ეპოქის ათვლას იწყებს.

დღის ამბები