24 ივნისი 2025,   10:53
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომის ქართველი გმირების უცნობი ისტორიები - 18 წლის გაიოზ კობიძე, რომელიც ომში უფროსი ძმის ნაცვლად წავიდა

ცაცა კობიძე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გაიოზ კობიძის ძმისშვილია, რომელსაც სახელი ბიძამ ომიდან შეურჩია.

სანამ ცაცა დაიბადებოდა, მისი 18 წლის ბიძა, გაიოზი, ომში უფროსი ძმის ნაცვლად წავიდა - წავიდა იმიტომ, რომ ძმა ახლადშერთული, ორსული ცოლისთვის არ დაეშორებინა. ალბათ უმძიმდა, მაგრამ არჩევანი გააკეთა, შეყვარებული დატოვა და წავიდა.

ჯარისკაცი მეორე მსოფლიო ომიდან წერილებს აგზავნიდა, თუმცა ოჯახს მხოლოდ მასში მოყოლილი ამბები შემორჩა. ჯარისკაცის ერთ-ერთი წერილი კი, მის უკანასკნელ სურვილზე ყვებოდა - თუ უფროს ძმას გოგო გაუჩნდებოდა, გაიოზის თხოვნა იყო მისთვის ცაცა დაერქმიათ - ფოთში დატოვებული შეყვარებულის სახელი.

ინტერვიუ ცაცა კობიძესთან თომა ჩაგელიშვილმა ჩაწერა, ფილმისთვის "5 ჯარისკაცის ამბავი." დოკუმენტურ ფილმში გაიოზ კობიძე ერთ-ერთი გმირია.

1945 წელს ცოცხლად გადარჩენილი ქართველი მეომრები ოჯახებს დაუბრუნდნენ, გაიოზ კობიძე ისევ არ ჩანდა. კურსკის ბრძოლების შემდეგ ოჯახს მისგან წერილი აღარ მიუღია. ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩაითვალა.

დედა შვილს დიდხანს ელოდებოდა. იმედი ჰქონდა, რომ ომიდან დაბრუნებული მისი უმცროსი ვაჟი სახლში დაბინავდებოდა. სწორედ აქედან გააცილეს ომშიც. სახლი ისევ ცარიელია, დედა კი, შვილის დაბრუნების იმედთან ერთად გარდაიცვალა.

გაიოზი კურსკში იბრძოდა, სადაც 1943 წელს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა გაიმართა, დაიღუპა 100 ათასობით ჯარისკაცი, მათ შორის გაიოზ კობიძე.

2015 წლის თებერვალში კურსკთან საბჭოთა მეომრის საფლავი იპოვეს. ცხედართან იყო ჯარისკაცის ჭიქა და ომის დროს მიღებული საბრძოლო მედალი. იპოვეს წერილის ფრაგმენტებიც. ფურცლები რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შედეგად აღადგინეს. დადასტურდა, რომ წერილი ჩოხატაურის რაიონ სოფელ გუთურში მცხოვრებ გაიოზ კობიძეს ეკუთვნის.

გაიოზ კობიძის ცხედარი 2015 წლის ივნისში საქართველოში ჩამოასვენეს და მშობლიურ გუთურში დაკრძალეს.

ოჯახს გადაეცა მისი სამხედრო მედალი, ჭიქა და ნაპოვნი წერილის ფრაგმენტები, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულმა ჯარისკაცმა შეყვარებულს მისწერა.

დღის ამბები