
პრემიერ-მინისტრი საკუთარ წერილში ყურადღებას ამახვილებს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების გზავნილების თანხვედრაზე და ამბობს, რომ ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია ვაშინგტონის დუმილი.
ირაკლი კობახიძე იქვე წერს, რომ კონკრეტული ძალების რევოლუციური გეგმები ისევ დღის წესრიგშია. თუმცა მოლოდინი, რომ "დიფ სთეითის" დამარცხებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება, ისევ არსებობს.
"პოზიციის მყარი დეკლარირება" - ასე აფასებს წერილს საპარლამენტო უმრავლესობა.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის შეერთებული შტატების პოლიტიკა მკაფიოა და ის "მეგობარი აქტით" გამოიხატება. პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესების წარუმატებელი მცდელობის დასტურად მიიჩნევენ. თავად კი "მეგობარი აქტის" დამტკიცებისთვის აქტიურად მუშაობენ. "ნაციონალური მოძრაობა" ამ მიზნით, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სწორედ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზეა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკამ საქართველოს მიმართ დროული და მკაფიო პოლიტიკა აწარმოოს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით კითხვები ლეგიტიმურია, რასაც ხელისუფლება ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციით გამოხატავს.
აქტი ზედა პალატამაც უნდა მიიღოს იმისთვის, რომ დოკუმენტი ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნოს.