
თეთრმა სახლმა მოსკოვს და კიევს "ულტიმატუმი" წაუყენა, იმ შემთხვევაში თუ მხარეები ერთმანეთს სტამბოლში არ შეხვდებიან ვაშინგტონი სამშვიდობო პროცესს დატოვებს. ცნობილია, რომ თურქეთში შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში მრჩეველი, გენერალი კიტ კელოგი დააკვირდება.
ორმხრივი შეხვედრის საკითხზე ოფიციალური მოსკოვის პოზიცია დღეს კრემლის პრეს-სპიკერმა გაახმოვანა. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება, ამასთან ერთად პესკოვმა უარი თქვა, ეპასუხა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, კონკრეტულად ვინ წარადგენს რუსეთს ამ შეხვედრაზე.
სტამბოლში ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ კომენტარი არც პუტინს გაუკეთებია, თუმცა კრემლის ლიდერმა დასავლეთის სანქციების და სამხედრო მობილიზაციის შესახებ ისაუბრა.
ცნობილია უკრაინის პოზიციაც, ზელენსკი სტამბოლში მხოლოდ პუტინთან შეხვედრას თანხმდება. საკითხზე პრესკონფერენცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის ბოლოს ჩაატარა.
კიევში განმარტეს, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი არ ითვალისწინებს დაბალი დონის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, თუ პუტინი სტამბოლში ჩავა უკრაინას რიგ დოკუმენტებში იურიდიული ცვლილებების შეტანაც მოუწევს, რადგან ამ მოცემულობით უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებების წარმოება ეკრძალება.
იმ შემთხვევაში თუ რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრას თავს აარიდებს და ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს.
"ბლუმბერგი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელი ლიდერები მზად არიან, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგს დაელოდონ, ვიდრე აშშ-ს ახალი სანქციების დაწესებას მოსთხოვენ.
მხარეების შეხვედრისთვის დიპლომატიური პლატფორმის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოთქვა ოფიციალურმა ანკარამ. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე