24 ივნისი 2025,   10:16
ვრცლად
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი ხოჭავას მოუსმინეს, რომელმაც მეგის ქარდავას მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გაიხსენა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა - გიორგი ხოჭავა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი 2010 წლის ზაფხულში გახდა. დაზარალებულმა დღეს საგამოძიებო კომისიასთან პოლიციელების მიერ ჩადენილი სისასტიკე დეტალურად გაიხსენა და თქვა, რომ მისთვის უცნობმა პირებმა ის ჯერ გაიტაცეს, ნარკოტიკები ჩაუდეს, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ.

გიორგი ხოჭავა იხსენებს, რომ მის საქმეს პირადად მეგის ქარდავა ხელმძღვანელობდა, რომელიც დაზარალებულს ქურდობის აღიარებასა და პოლიციისთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდა. დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები სასურველი ჩვენების მიღებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ, მათ შორის 19 წლის ბიჭს ოჯახის წევრების ლიკვიდაციითაც ემუქრებოდნენ.

ცემა, წამება, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარა - მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული და სასტიკად ნაწამები პირის გამოკითხვა. გიორგი ხოჭავა საგამოძიებო კომისიასთან იხსენებს, რომ აღიარებით ჩვენებაზე უარის შემდეგ ის დაუსახლებელ ადგილზე მიიყვანეს, სხეულის არეში დაზიანებები მიაყენეს და სასტიკად აწამეს. ხოჭავას თქმით, წამებასა და ღირსების შემლახავ დანაშაულს ადგილზე პოლიციის მაღალჩინოსნები, მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა ხელმძღვანელობდნენ.

გიორგი ხოჭავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციის მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა მისგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, ის ციხეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით გაუშვეს, რისთვისაც 7 წელი მიუსაჯეს. სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა დაზარალებულს დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვეს.

დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. სხდომა ხვალ, დილის 10:00 საათიდან სხვადასხვა საქმეების განხილვით გაგრძელდება.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები