
პასუხი "მეგობარ აქტზე" - პარლამენტში ინიცირებულ განცხადების პროექტს დეპუტატები დღეს სესიაზე განიხილავენ.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რეაქციას თემაზე მიესალმება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პარლამენტს "მეგობარი აქტთან" მიმართებით პოზიცია დაფიქსირებული უნდა ქონდეს.
შეგახსენებთ, "მეგობარი აქტი" შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული, 80%-იანი მხარდაჭერით 5 მაისს მიიღო. დოკუმენტი, ერთი მხრივ აწესებს სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მეორე მხრივ კი, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას ითვალისწინებს.
"მივესალმები საქართველოს პარლამენტის რეაქციას "მეგობარ აქტთან" დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის მიერ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც შეუძლებელია, რომ უგულებელყოფილი იქნეს, ვინაიდან ეს მიღებული იყო აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რამაც, გარკვეულწილად, საფუძველი უნდა დაუდოს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ პოზიციებს და ვერ დავტოვებთ ამას უყურადღებოდ" - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.