
პლენარულ სხდომაზე დღესვე დეპუტატები განიხილავენ მთავრობის ინიციატივას დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. საუბარია ახალ ნორმებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეთიკისა და ქცევის წესების კუთხით.
სიახლის მიხედვით, იმ წესების დარღვევა, რამაც შესაძლოა ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა გამოიწვიოს, კონკრეტული პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი, სიახლეს განსხვავებული აზრის დევნისკენ მიმართულ ცვლილებად აფასებს.
"ძალიან მძიმე კანონია. ვხედავთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის მოტივით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს. ყველა ის კანონი, რომელსაც "ქართული ოცნება" ამ დღეებში და ამ პერიოდში იღებს, მიმართულია განსხვავებული აზრის დევნისკენ და საქართველოს კიდევ უფრო არაკონსტიტუციურ ჩიხში შეყვანისკენ", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.