
პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები განიხილავენ მთავრობის ინიციატივას დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. საუბარია ახალ ნორმებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეთიკისა და ქცევის წესების კუთხით.
სიახლის მიხედვით, იმ წესების დარღვევა, რამაც შესაძლოა ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა გამოიწვიოს, კონკრეტული პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიურმა კორპუსმა საუკეთესოდ შეასრულონ მათი ფუნქცია.
"ცვლილებები დიპლომატიურ კანონმდებლობაში მოიცავს ბევრ მიმართულებას, საუბარია ეთიკის ნორმებზე, პროცედურებზე, მთლიანად ახლებურად გააზრებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსი და მისი საქმიანობის. ამ ცვლილებების პირველი ნაბიჯი სწორედ ამას ემსახურება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი საუკეთესოდ ასრულებდნენ მათ ფუნქციას და შეეძლოთ საგარეო პოლიტიკური მიზნების აღსრულება", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.