
ღია წერილის გამოქვეყნებას გამოხმაურება არ მოჰყოლია. ხელისუფლება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ისევ ელოდება. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის თავიდან დაწყების შეთავაზება საქართველოს მხრიდან ყველა ფორმატში გაკეთდა და ახლა პასუხი ამერიკაზეა.
ირაკლი კობახიძე მეგობარი აქტის საპასუხოდ პარლამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას მნიშვნელოვანი აქტი უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კი დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ჩათვალა საჭიროდ კონგრესში მიღებული დოკუმენტისთვის კონტრარგუმენტებით ეპასუხა.
მმართველი პარტია ამერიკისგან ოფიციალური პასუხის მოლოდინშია, ოპოზიცია კი ვაშინგტონშია. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხვდებიან როგორც მეგობარი აქტის ინიციატორ კონგრესმენებს, ისე სენატორებს, რომელთა მხარდაჭერაც დოკუმენტის საბოლოოდ მიღებისთვის აუცილებელია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ აქტი ძალაში შევა, შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობები კი უშედეგო იქნება.
სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პროცესს მეგობარი აქტის მსგავსი პროექტები ვერ დაეხმარება - მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობის ლიდერის თქმით, პოლიტიკურად მიკერძოებული დოკუმენტის უკან მხოლოდ კონკრეტული კონგრესმენების სუბიექტური ინტერესები არ დგას.
შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის ახალ ადმინისტრაციას საკუთარი გზავნილები ჯერ პრემიერ-მინისტრის ღია წერილით გააცნო. აღმასრულებელ ხელისუფლების შემდეგ კი უკვე საკანონმდებლო ორგანოს სპეციალური განცხადებით, სადაც ერთის მხრივ, საუბარი კონკრეტულ პრობლემებზე, მეორეს მხრივ კი ჯანსაღი თანამშრომლობის მზაობაზეა.